ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

აშშ-მ თურქეთს S-400 ანტისარაკეტო სისტემის უკრაინისთვის გადაცემა შესთავაზა


აშშ-მ თურქეთს S-400 ანტისარაკეტო სისტემის უკრაინისთვის გადაცემა შესთავაზა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს არაოფიციალურად შესთავაზა უკრაინისთვის რუსული წარმოების S-400 ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გადაცემა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები თურქ კოლეგებს წინადადებას გასული თვის განმავლობაში სთავაზობდნენ, თუმცა კონკრეტული ან ოფიციალური მოთხოვნით არ მიუმართავთ. როგორც Reuters წერს, მათივე ცნობით, უკრაინისთვის S-400 სისტემების გადაცემაზე საუბარი ასევე წამოიჭრა თებერვალში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თურქეთში ვიზიტის დროს. ანალიტიკოსების აზრით, ეს იდეა უკრაინის მიმართ აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან დახმარების გაძლიერებას და ანკარა-ვაშინგტონის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ S-400 ანტისარაკეტო სისტემები აშშ-სა და თურქეთს შორის დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირების საგანი იყო. თურქეთმა რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემა პირველად 2019 წლის ივნისში მიიღო. ამის საპასუხოდ აშშ-მ თურქეთს თავდაცვით ინდუსტრიაზე სანქციები დაუწესა და ანკარა F-35-ის ტიპის გამანადგურებლების პროგრამიდან გარიცხა. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ NATO-ს წევრმა სლოვაკეთმა გამოთქვა წინასწარი მზადყოფნა, უკრაინას გადასცენ საბჭოთა პერიოდის S-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. ცნობისთვის, S-300-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განკუთვნილია საჰაერო თავდაცვისთვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ მსგავსად S-400 სისტემისა, უკრაინელ სამხედროებს ამ კომპლექსთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ერთ-ერთი მთავარი სირთულე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში არის ის, რომ მათ სჭირდებათ ისეთი სისტემები, რომლის გამოყენებაც იციან და მათ ასამუშავებლად გადამზადება არ დასჭირდებათ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია