ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონის წოდება მიიღეს


ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონის წოდება მიიღეს

თელავში, „კავკასიონი არენაზე“, საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრებების დაპირისპირება ბორჯღალოსნების გამარჯვებით, ანგარიშით 48-15 დასრულდა. მატჩის პირველი ლელო დავით ნინიაშვილმა დადო, რის შემდეგაც, გარდასახვა ვერ გავიტანეთ და ბორჯღალოსნები მხოლოდ 5 ქულით დაწინაურდნენ. დაპირისპირების 21-ე წუთზე მეტოქემ სხვაობა შეამცირა და ანგარიში 5-3 გახდა. პირველ ნახევარში დაძაბული ვითარება შექმნა მირიან მოდებაძემ, თუმცა, ბურთის დამიწება ვერ შეძლო და ბორჯღალოსნებს ლელო არ ჩაეთვალათ. 23-ე წუთზე აკაკი ტაბუცაძის ლელომ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და ბორჯღალოსნები ანგარიშით 10-3 დაწინაურდნენ. ათი წუთის შემდეგ კი, ნიდერლანდელებმა სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს და ჯამში, 8 ქულა მიითვალეს. 37-ე წუთზე, საქართველო კიდევ ერთხელ დააწინაურა ვასკა ლობჟანიძის ლელომ, რამაც პირველი ნახევრის საბოლოო ანგარიში, 15-8 განაპირობა. ქართველებისთვის პირველზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა დაპირისპირების მეორე ნახევარი: დაპირისპირება ბორჯღალოსნების შვიდქულიანი უპირატესობით გაგრძელდა 54-ე წუთამდე, ვიდრე გურამ გოგიჩაშვილმა ლელო არ დადო და თედო აბჟანდაძემ გარდასახვა წარმატებით არ შეასრულა. საბოლოო ჯამში, ნაკრების ანგარიშს 7 ქულა შეემატა და ანგარიში 22-8 გახდა. რამდენიმე წუთში, მოედანზე ახლადშესულმა ​გიორგი ჯავახიამ ნაკრებს კიდევ 5 ქულა შეჰმატა, გიორგი ბაბუნაშვილის გარდასახვამ კი, ბორჯღალოსნები 29-8 დააწინაურა. მატჩის მომდევნო ლელოც ბორჯღალოსნებმა მიითვალეს; 64-ე წუთზე, აკაკი ტაბუცაძის დუბლს ბაბუნაშვილის შესანიშნავი დარტყმა მოჰყვა და ანგარიში, საქართველოს სასარგებლოდ, 36-8 გახდა. დავით ნინიაშვილმა მატჩში ერთი ლელო არ იკმარა და 71-ე წუთზე, ბურთი კიდევ ერთხელ დაამიწა, რითაც მეტოქესთან სხვაობა 35-ქულამდე გაიზარდა და ანგარიში 43-8 გახდა. ამას ნიდერლანდელების გააქტიურება მოჰყვა და ლელოსა და გარდასახვის წყალობით, მეტოქემ, მეორე ნახევარში პირველად, 7 ქულა დაიმატა. შეხვედრის ბოლო წუთზე, ნინიაშვილმა კიდევ ერთხელ იმარჯვა და საბოლოო ანგარიში, 48-15 დააფიქსირა. წყარო: იმედინიუსი



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია