ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულებს დღეს ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ


კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულებს დღეს ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ხვალ, 11 ოქტომბერს, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მოხდება 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა გადასვენება. 14:00 საათზე მიცვალებულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი. გამოსვენება - 12 ოქტომბერს, სამშაბათს, 15:00 საათზე, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან“, - ნათქვამია განცხადებაში. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი გუშინ დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია