- მარტი 28, 2025
მედიაორგანიზაციების განცხადება “პუბლიკის” მიმართ შალვა პაპუაშვილის მუქარაზე
- თებერვალი 02, 2025
- , პოლიტიკა
1 თებერვალს “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საჯაროდ თავს დაესხა დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” მას შემდეგ, რაც გამოცემამ 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პაპუაშვილმა ფეისბუკ პოსტში დაწერა, რომ ”პუბლიკა” ამ ინფორმაციის გავრცელებით “სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს” და “რეკლამირებას უწევს”. ის ასევე პასუხისმგებლობით დაემუქრა ევროკავშირს, რომელიც, მისივე თქმით, აფინანსებს “პუბლიკას”. მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება არის დამოუკიდებელი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა და ემსახურება მისი საქმიანობის შეზღუდვას. ამასთან, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა უკვე დააპატიმრა დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების - “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იმ ბრალდებით, რომელიც მას არ ჩაუდენია, პაპუაშვილის ეს განცხადება “პუბლიკის” მიერ “სისხლის სამართლის დანაშაულის დაანონსებაზე” შეიცავს აშკარა მუქარას ამ მედიაორგანიზაციის მიმართ. კატეგორიულად ვგმობთ შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადეკვატური შეფასება მისცენ ამ ყოველივეს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების დევნის შესაჩერებლად. ამასთან სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ “პუბლიკის” სარედაქციო გუნდს, რომელიც დაარსების დღიდან სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებს. პატივისცემით, ბათუმელები; ნეტგაზეთი; სამხრეთის კარიბჭე სტუდია მონიტორი მთის ამბები მედია აპრილი მედიაჩეკერი ქუთაისიპოსტი მაუწყებელი Chai Khana პროექტი 64 TV პირველი “ფორმულა” ჟურნალისტიკის რესურსცენტრი კახეთის ხმა ექსპრესნიუსი ჩემი ხარაგაული მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“ გურია ნიუსი ქართლის ამბები მთავარი არხი გაზეთი ალიონი რადიო ათინათი ქვემო ქართლის მედია - QvemoQartli.ge; "ინფო იმერეთი" ხელმოწერები გრძელდება