- მარტი 28, 2025
რუსეთის ელჩი ბოსნია-ჰერცეგოვინას ნატოში გაწევრიანების სურვილის გამო უკრაინის მაგალითით ემუქრება
- მარტი 17, 2022
- , პოლიტიკა
ბოსნია-ჰერცეგოვინაში რუსეთის ელჩის, იგორ კალაბუხოვის თქმით, რუსეთს აქვს უფლება რეაგირება ჰქონდეს ბოსნია და ჰერცეგოვინას განზრახვაზე გახდეს NATO-ს წევრი. "უკრაინის მაგალითზე ჩვენ ვაჩვენეთ, რა მოლოდინები გაქვს, თუ იარსებებს საფრთხე, ჩვენ გვექნება რეაგირება," - განაცხადა კალაბუხოვმა ბოსნიური ტელეარხის ეთერში. ელჩის თქმით, ახლა რუსეთს არ აქვს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით მოქმედების გეგმა და მოსკოვი იმოქმედებს "სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობის ანალიზის შესაბამისად". ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე ჟელკო კომშიჩი ელჩის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა და დაგმო მისი განცხადება "კატეგორიულად ვგმობთ ბოსნია და ჰერცეგოვინაში რუსეთის ფედერაციის ელჩის მუქარას, რომელიც მან გამოთქვა ბოსნია და ჰერცეგოვინას NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. რუსეთის ელჩის სიტყვები, რომ რუსეთს ექნება რეაქცია და უკრაინის მაგალითის მოყვანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა წამოიწყო აგრესია, არის ცალსახა და მიუღებელია ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის" - თქვა კომიშიჩმა. კომშიჩმა აღნიშნა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინას ნატოში გაწევრიანება შეიძლება იყოს მხოლოდ ბოსნია და ჰერცეგოვინის გადაწყვეტილება და არა „ბოსნია და ჰერცეგოვინაზე თავდასხმის მიზეზი“. ბოსნია და ჰერცეგოვინას NATO-მ 2010 წელს შესთავაზეს ალიანსში გაწევრიანების გეგმას (MAP) შეერთებოდა. ხოლო BiH-ის სერბულმა ნაწილმა, რესპუბლიკა სერბსკამ, სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადა 2017 წელს. უკრაინაში სრულმაშტაბიან შეჭრამდე რუსეთი უკრაინისგან ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე უარის თქმას ითხოვდა. ომის დაწყების შემდეგ მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტი რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა. რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ავტორი: მერაბ ცაავა